Wednesday, December 06, 2006

რა მინდოდა ნეტავ მეთქვა?

რაღაც სხვა ხიბლი აქვს მაინც მშობლიურ ენაზე წერას... მომენატრა ოდესღაც დაჟანგულ ბინძურ ვედროში დაფერფლილი საკუთარი გულახდილობა... არამშობლიურ ენაზე გაცილებით იოლია წერა - ვერასოდეს ვერ ამბობ ბოლომდე და ზუსტად სათქმელს და, შესაბამისად, ვერც ვერავინ გიფათურებს სულში ხელებს... მშობლიურ ენაზე წერისას კი ძნელია გაექცე ამავე ენაზე მოაზროვნე საკუთარ არსს... ვერ ამოეფარები ენის სათანადოდ ვერ ცოდნას, ვერ დაიმალები უცხო სიტყვებს მიღმა, რომელთა აზრსაც მაინც ისე აღიქვამ როგორც შენ შეგიძლია მხოლოდ... თუმცა მშობლიურ სიტყვებსაც სწორედ ასევე აღიქვამ - შენებურად...

სიტყვას ნებისმიერ ენაზე ყოველთვის შეიძლება მიანიჭო ის შინაარსი, რომელსაც მოისურვებ... ერთნაირ მნიშვნელობას ერთიდაიგივე სიტყვებს ადამიანები იმიტომ ანიჭებენ, რომ ერთმანეთის გაგება შეძლონ... მაგრამ ზოგჯერ სიტყვის ზუსტად განსაზღვრულ შინაარსს ბგერათა ჟღერადობის ინდივიდიუალურმა აღქმამ შესაძლოა სრულიად სხვაგვარი ელფერი შესძინოს...

მოკლედ ბევრი რომ არ... მომენატრა მშობლიურ ენაზე წერა... ვინ მიშლის? არავინ... მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან სურთ იმის გაგება, რასაც ვწერ, მაგრამ ენობრივი ბარიერი ამის საშუალებას არ აძლევთ... ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ...

ამასობაში დამავიწყდა კიდეც რის დაწერას ვაპირებდი... თუმცა გამახსენდა... მაგრამ, მაგაზე სხვა დროს...

Tuesday, December 05, 2006

ისე, სხვათა შორის...

უცნაური არსებაა ადამიანი... მაქვს დღიურები ("ოფიციალური") სხვაგან, იქ სადაც უკვე კარგა ხანია "მკითხულობენ", მაინც აქ შემოვიპარე, სადაც არავინ მიცნობს, არავის ვუნახივარ, არავინ მკითხულობს... ასე ვთქვათ, საზოგადოდ "განვმარტოვდი"... არის რაღაც საშინელი ცინიზმი ყველაფერ ამაში, არა კონკრეტულად ამაში... საერთოდ ცხოვრებაში...

საკმაოდ საინტერესოა თვალის დევნება იმისთვის, თუ როგორ თვალსა და ხელს შუა იცვლებიან ადამიანები, რომლებსაც გგონია რომ საუკუნეა იცნობ... ემსგავსებიან მასას, იმათ, ვის მიმართაც ოდნავ პატივისცემასაც არ განიცდი... მაგრამ, იმასაც ხვდები, რომ ეს ადამიანები გიყვარს... ბოლოსდაბოლოს კი აღმოაჩენ, რომ შენც, ისევე როგორც სხვები შენთვის, ვიღაცისთვის ასევე ტრაფარეტული, გაცვეთილი და ბანალური ხდები დროთა განმავლობაში...

კანონზომიერება, რომელსაც ვერსად გაექცევი... ინტერესი ქრება, ემოცია რჩება... ადრე თუ გვიან ეს უკანასკნელიც კუდამოძუებული გაიძურწება, მაგრამ მანამდე ყოფიერების ამაოებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს... და თუ კარგად დაფიქრდები... მიხვდები რომ არ ღირს ეს ყველაფერი ფიქრად... მაგრამ დროდადრო გეფიქრება მაინც... და გწყდება მერე გული, რომ ადამიანი ასეთი პატარაა და სამყაროც არაა უკიდეგანო...