Thursday, May 03, 2007

კვადრატები

კვადრატები... თეთრი... შავი... კვადრატები... ბეტონის ფილები ერთმანეთს ცვლიან... ფერთა უცნაური პალიტრა... შავ-თეთრი... მაგრამ რატომ უცნაური? ფიქრია უცნაური, შეგრძნება... მასა... მასა... მოაწყდება ბაქანს და წალეკავს ვაგონს...
ლიანდაგები...

ფიქრი მილიარდ კვადრატად დაშლილი მასა... მაგრამ ჯერ მხოლოდ მშვიდი... მოლოდინი... ლიანდაგების გასწვრივ ბეტონის კვადრატები მატარებლის შუქფარნების სინათლეში იკარგება... მოდის... რაღაც უზარმაზარი... ძლიერი, წამლეკავი... მასა... წალეკავს... თუ მასას წალეკავს? ვინ? ვის? რატომ? ფიქრები დუმან...
მოლოდინი

ვაგონს მიაქვს აზრები... შენი, სხვისი... არავისი... თუმცა როგორ მოიტანს ან თუნდაც წიღებს არავის ფიქრებს? აბსურდი... რეალობაც აბსურდია იქნებ? ვიღაც წაიკითხავს და იტყვის მერე, ავტორმა ფრაზა “თუმცა როგორ წაიღებს არავის ფიქრებს? აბსურდი...” მხოლოდ იმიტომ დარწერა რომ მომდევნო ფრაზა – გაემართლებინაო... აქ მხოლოდ ფიქრებია ქაოტორი.. დანამული ლუდის წვეთებში....
პაროდია

იმისთვის რომ რამე შექმნა, აუცილებლად უნდა გაიქცე? სად? შიგნით? ან რას მატებს ალკოჰოლი ფსიქიკას ისეთს, რაც მას მის გარეშე არ აქვს? ჩარჩოებს აცლის? თავისუფლება მოაქვს? უკონტროლობა? მაგრამ ასე ხომ ძალიან ადვილია გადასცდე მიჯნას? რის მიჯნას? აღქმის და ქაოსის?
ალკოჰლი

ვწერ და არც ვკითხულობ... ეს ფიქრებია მხოლოდ, დაულაგებელი, ქაოტური, იქნებ არაესთეტურიც... უბრალოდ ფიქრები, სადღაც ტვინის დანაოჭებული უჯრედებიდან გამოწურული აზრები... თუნდაც უაზრო... მაგრამ “რაღაც” მოცემულ მომენტში... სიცარიელეში ყველაფერი ფასობს...
სიცარიელე

სანამ აზრი ფორმას მიიღებს... რა ფორმას? ან აზრს შეიძლება ქონდეს ფირმა? კვადრატი ფორმაა... ვაგონშიც კი ჩემს ფიქრებს ლიანდაგების გასწვრივ ჩამოლაგებული ბეტონის კვადრატული ფილების ფორმა აქვს... ამ სახეებს კი ჯობია... თუმცა რატომ? აქ სიცოცხლეა, იქ? იქაც... ამ კვადრატებს სულ მცირე სამ წუთში ერთხელ მატარებელი თელავს... ბეტონის ფილას შეუძლია რამის შეგრძნება?
ბეტონი

ვაგონი კი სავსეა... თვალებით... სხვისი სამყარო-ები... არასწორი გრამატიკული ფორმა... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს გრამატიკულ ფირმას? აქ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ან იქნებ... აქვს რადაგან ჩნდება კითხვა? რელსებზე ასხლეტილი სისხლის წვეთები გრამატიკულ ფორმებს საეჭვოა ცნობდეს...
რელსები

“ლიანდაგებზე ჩახტა თურმე, ოჯახში სერიოზული პრობლემები ქონია” – უყვება ერთი მეორეს, “შენ საიდან იცი, თვითონ მოყვა?” – კითხვა და ღიმილი მოსაუბრის სახეზე... ლეწე ახლა ამას სიფათში... მაგრამ ეს მე ვარ...
სისხლი

არამგონია ყველა ფიქრი გამართლებული იყოს... ან რატომ უნდა იყოს? ფიქრი ხომ უკონტროლოა. მაშინ სადაა თავისუფლება? თუ ფიქრიც კი იძულებითაა თავსმოხვეული? ფიქრი

უცნაურად დაიწყო დღე... საათს დახედე, 15:15 იყო... როგორც ყოველთვის მექანიკურად ჩაუთქვი: “ვუყვარდე...” და თუ სამჯერ მოასწრებ ამის ჩაფიქრებას ახდება... მაგრამ... მაზოხიზმია ეგეთი სიყვარული...
ოცნება

არ იცი... რა შეიძლება ადამიანმა იფიქროს... მატარებელი დაიძრა უკვე კარგა ხანია... ვიღაცის თვალებს ეფეთება შენი თვალები და მას გონია, რომ ყურადღების არეში მოხვდა, სინამდვილეში კი მზერამ უბრალოდ გაიარა მის ორბიტაზე, ყოველგვარი ფიქრის გარეშე... ერთხელ-ორჯერ... შენიშნა ყურადღება... ვიღაცას გაუხარდა, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა...
ცენტრი

...დედა რაღაცას ეუბნება ბავშვს, მაგრამ ხმას მუსიკა ფარავს... მუსიკა ყურთსასმენებში... გოგონა, ფსიქიკური დაავადების აშკარა ნიშნებით დედას ეკვრის... სავარაუდოდ დედას... დედა და შვილი ყოველთვის და ყველგან ადვილი გამოსაცნობია... “მე როდის მედო დედის მკერდზე თავი უკანასკნელად ასე?” შემაძრწუნებელი ფიქრი... მეხსიერებამ ვერ ამოქექა თარიღი, სამაგიეროდ, გულმა გაიხსენა შეგრძნება... დედის მკერდზე თუნდაც წამიერად თავის დადების სურვილი... სიგიჟემდე.
დედა

კიდევ? კიდევ რა? ან რა არა? ყველაფერი იმდენად გადაღეჭილია, ფიქრიც კი შეუძლებელია უკვე გამორჩეულად... ამ სამყაროში ხომ არავინ არ ჰგავს სხვას... სასაცილოა...
გაცვეთილი

გზა... მას ბევრი რამ შეიძლება მიანდო... ქაოსიც და წესრიგიც... ან საერთოდ არ მიანდო არაფერი... ესეც ნდობაა... გზა თავისუფლებაა... თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის დროის ის მონაკვეთი, როცა უძლური ხარ რამე მოიმოქმედო... თუმცა რატომ? ყოველთვის, თუნდაც ჩარაზულ ვაგონში, შეიძლება რაღაცის “ჩადენა”... მაგალითად, რისი? ფანჯრის მინების ჩამსხვრევა? ვინმესთვის სილის გალაწუნება? და რას შეცვლის ეს? მატარებელი სვლას შეაჩერებს? მის სვლას მხოლოდ ერთი რამ შეაფერხებს, ავარიულ მუხრუჭზე ხელის ჩამოკვრა... მაგრამ თუკი ის გაუქმებულია? გააზრებული და გამიზნული ქმედება ჩარაზულ ვაგონში უმოქმედობაა...
პასიური აგრესია

ფიქრი... ფიქრი... ფიქრი... დაკარგული წამი... დაკარგული შეგრძნება... წამით აღმოჩენილი ჭეშმარიტება და ასევე წამში გაუჩინარებული...

30 აპრილი, 2006 წელი

0 Comments:

Post a Comment

<< Home