Wednesday, January 09, 2008

ისევ აქ დავბრუნდი...

ისევ აქ დავბრუნდი, პერიოდულად წელიწადში ერთხელ ხომ შეიძლება ვესტუმრო საკუთარ თავს და საზოგადოდ განვმარტოვდე, როგორც ადრე ვთქვი?

...რაღაც მინდოდა დამეწერა... გუშინ გამახსენეს რომ თურმე ვწერდი, ოდესღაც... რაღაცას... და, ისევ ვიგრძენი დაუკობელი სურვილი სიტყვებს შევჭიდებოდი... მაგრამ მხოლოდ სურვილი რომ არ კმარა? ულმობელია დრო - სურვილი დარჩა, აზრები - გაქრა. აწვალე ფიქრები რამდენიც გინდა...

რამე შეიცვალა? ალბათ არა, მაგრამ სიმშვიდეში არაფერი ხეირიანი რომ არ იქმნება, ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდი... ისე, ვცრუობ, შეიცვალა - გარემოებები. ის, რაც ადრე მაღელვებდა იმდენად რომ რაღაცას მაწერინებდა, კვლავაც მაღელვებს, მაგრამ ვერაფერს ვეღარ მაწერინებს... ბანალურად მეჩვენება? გაცვეთილად? თუ მეშინია სხვების აზრის? სხვების აზრი, ყოველთვის ნაკლებად მაღელვებდა - დამარცხენული კომპლექსების უკუეფექტი. ბანალურად მეჩვენება თავად მე და არა ვინმე სხვას? შესაძლოა, განმეორება ცოდნის დედაა, მაგრამ ამასთანავე გაუფასურებასაც "ემშობლება"...

რაღაც ახალი მინდა, ტვინის უჯრედებს კვლავაც რომ ამიმუშავებს ისეთი...

მატერიალური პრობლემები უკვე გამოვიარეთ ერთხელ, ნავთის ქურაზე იგივე "კერასინკაზე" შემოდგმულ ცარიელ ტაფაზეც ვთბებოდით უკვე, თბილი გადასაფარებლის ქვეშ ფანრითაც ბევრი გვიკითხია, ფეხითაც გვივლია თვეების განმავლობაში ნებისმიერ ამინდში უნივერსიტეტამდე რამდენიმე კილომეტრი, ასეულ-გვერდიანი წიგნებიც გვიკონსპექტებია გაყინული თითებით ფურცლების ნაგლეჯებზე, პურის რიგებშიც გავითევია ღამეები კოცონის ირგვლივ, ავტომატიც მოუბჯენიათ, ელექტროენერგიაზეც გვიოცნებია, წყალზეც, ცხელ წყალზეც, გაზზეც, მშვიდობაზეც ... ეს ყველაფერი უკვე იყო და რადგან იყო, აღარ განმეორდება, თუ სასწავლი იყო რამე, ცხოვრებამ უკვე მოგვცა ამის საშუალება ერთხელ...

არამატერიალური პრობლემები? ეგეთებიც იყო... შეცდომებიც იყო, კომპრომისებიც... ყველაფერი გამიზნული, მაგრამ ყოველთვის მიზანში როდი მოხვედრილი... ზოგიც გაცნობიერებული, ზოგიც ვერ ან არ აღქმული...

...და რა ვისწავლე? კარგი კითხვაა... დუმილი? არა, დუმილი ვერ ვისწავლე, გრძელი ენა მაქვს დღემდე. დაფიქრება? რაც მეტს ვფიქრობ და დაჟინებით, მით მეტ შეცდომებს ვუშვებ, ეს თუ შედეგებით ვიმსჯელებთ... ანუ გააჩნია "შეცდომად" რას აღვიქვამთ და როგორ - უბრალოდ ქმედების შემდეგით მივანიჭებთ სტატუსს თუ ჩანაფიქრით...

რამდენი დავწერე მატერიალურზე და არამატერიალურზე როგორ ჩავიგუბე პირში წყალი... რა ადვილია წერა იმაზე, რასაც შეიძლება ხელით შეეხო და რა რთულია იმის გამოხატვა, რაც ტვინის ხვეულებში გიფუთფუთებს, და ეს უფორმო, ბოლომდე ვერგაცნობიერებულ-აღქმული გაცილებით მეტ პრობლემებს გიქმნის ვიდრე თუნდაც შიმშილის შეგრძნება.

მოკლედ... გვინდა რამე ტვინის და ემოციების აღმრევი... ანუ ამაფორიაქებელი... ახალი ცოდნის მომცემი და ასევე ახალი, ჯერ უცნობი (ჩემთვის რა თქმა უნდა) ემოცია, მოვლენა... რამე...

Saturday, May 12, 2007

რაღაცა მინდა უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება მინდოდეს...

...არაფერი არ მაქვს... და მხოლოდ ამიტომ ვაფანატებ სიცარიელეს...
როდის დამიმტკიცებს ცხოვრება საპირისპიროს?

მიყვარს მზე, რადგან ვერაფერი ვიპოვე უფრო თბილი.
მიყვარს შავი ფერი,რადგან ვერცერთი ფერი ვერ ვიგრძენი მეტად.
მიყვარს ცა, რადგან არაფერია უფრო უძირო.
მიყვარს ბალახი, რადგან შეიძლება გათელო... და თან გიყვარდეს.
მიყვარს სიტყვები, რადგან მათ უკან შეიძლება მოხერხებულად მიყუჩდე და დაიმალო.
მიყვარს სიმართლე, რადგან რეაქცია მასზე ყოველთვის არაადეკვატურია და საინტერესო.
მიყვარს ადამიანი, მაგრამ ყველა ვერა. მიყვარს, რადგან უბრალოდ მიყვარს.
მიყვარს სისხლი, რადგან სიცოცხლეა... ტკივილიც... და თან სიკვდილიც...

და მინდა რაღაც... გაჩხერილი არსებობასა და არარსებობას შორის, გრანელისეული "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი". არაფერი ორიგინალური, მაგრამ არც სხვისი... მხოლოდ ჩემი მინდა რამე, დაკარგვის რომ არ მეშინოდეს... რაღაცა მინდა უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება მინდოდეს...

Current Music: Lacrimosa - Sacrifice (Hingabe Pt.1)

Sunday, May 06, 2007

ბოტანიკური ბაღი მაისში